საზღვარგარეთ სამუშაოდ გამგზავრება რომ უსაფრთხო იყოს და მინიმუმამდე დაიყვანოთ ტრეფიკინგის რისკი, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი საკითხები:
• მოიპოვეთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია იმ ადგილის შესახებ, სადაც აპირებთ წასვლას: დამსაქმებლის სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი. ეცადეთ, წინასწარ გადაამოწმოთ სამუშაო და საცხოვრებელი პირობები.
• ნუ ეცდებით საზღვრის გადაკვეთას არალეგალური საბუთებით.
• არავის გადასცეთ თქვენი პასპორტი და პირადი საბუთები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ ლეგალური სტატუსი გაქვთ. თქვენს დამსაქმებელს არ აქვს უფლება, შეინახოს თქვენი პასპორტი.
• ყველა საბუთის ასლი შეინახეთ უსაფრთხო, მხოლოდ თქვენთვის ხელმისაწვდომ ადგილას.
• ისწავლეთ ადგილობრივი ენის ძირითადი სალაპარაკო ფრაზები.
• ისწავლეთ ადგილობრივი ტელეფონით დარეკვის წესი.
• გაიარეთ რეგისტრაცია საქართველოს საელჩოში ან საკონსულოში.
• მუდმივად იქონიეთ კავშირი ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან ან მეგობრებთან. დაუყოვნებლივ შეატყობინეთ მათ თქვენი ადგილსამყოფელი და სამუშაო.
• შეინახეთ საჭირო ტელეფონების სია არა მხოლოდ ტელეფონში, არამედ ნაბეჭდი ან ნაწერი სახით უსაფრთხო და საიდუმლო ადგილას.
• აუცილებლად იქონიეთ ტელეფონი ან სხვა საკომუნიკაციო ტექნიკა.
თუ თქვენ საფრთხის წინაშე აღმოჩნდით:
• გახსოვდეთ, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყნის კანონმდებლობა უზრუნველყოფს ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი თითოეული ადამიანის უსაფრთხოებას, განურჩევლად მისი მოქალაქეობისა და სამართლებრივი სტატუსისა.
• დახმარებისათვის მიმართეთ საქართველოს საელჩოს, საკონსულოს ან წარმომადგენლობას.
• დახმარება შეუძლია გაგიწიონ ადგილობრივმა ორგანიზაციებმა: პოლიცია, საავადმყოფო, სახანძრო ნაწილი, ეკლესია, უმწეოთა თავშესაფარი, იურიდიული კონსულტაციის სააგენტოები, საერთაშორისო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები.
მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ:
• ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლი არ არის დამნაშავე. თუ თქვენ სამართალდამცავებმა დაგაკავეს, გაქვთ უფლება აიყვანოთ ადვოკატი, მოითხოვოთ შეხვედრა საქართველოს საელჩოსა და საკონსულოს წარმომადგენლებთან.
• მრავალი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, კანონმდებლობით, ტრეფიკინგი აღიარებულია მძიმე დანაშაულად. ადამიანით ვაჭრობაში დამნაშავე პირების მიმართ გათვალისწინებულია მკაცრი სასჯელი.